Go to the top Go to the top

აბრაამ საპირი אברהם ספיר Abraam sapir

აბრაამ  საპირის  შემოქმედების  შესახებ  უფრო  ფართო ინფორმაციის  მისაღებად

                             ეძებეთ „google”-ში ან სხვა ნებისმიერ „ბრაუზერ“-ში

     ვებ.გვერდი - gjencyclopedi.com  -  ქართველ ებრაელთა ენციკლოპედია (ახალი ვარიანტი)

სადაც გაეცნობით ქართველ ებრაელთა ცხოვრების ყველა მხარეს

     ვებ. გვერდი   abraamsapiri.com – (ახალი ვარიანტი) და წაიკითხეთ წიგნები, გაზეთის "ალია საქართველოდან" ნომრები,  ჟურნალები, სტატიები, საქართველოსთან მეგობრობა და უამრავი სხვა რა
      You Tube- ში - abraam sapir   (კინო, ვიდეო და სატელევიზიო ფილმები)

      საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - ბიოგრაფიული ლექსიკონი - აბრაამ სეფიაშვილი    (მოკლე ბიოგრაფია)

      MEMATIANE GE -  აბრაამ სეფიაშვილი  (მოკლე ბიოგრაფია)


აბრაამ საპირ სეფიაშვილი

დაიბადა: კულაშში 1942 წლის 31 მარტს

ცხოვრობს: ნიუ-იორკში ლონგ აილენდში

ელექტრონული ფოსტა:   abraamsapir@gmail.com 

სოციალური ქსელი:  მესენჯერი (Facebook) 

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ნახევარი საუკუნის მანძილზე. მწერალი, პუბლიცისტი, ინჟინერი, გაზეთის "ალია საქართველოდან" დამაარსებელი ისრაელსა და საქართველოში, მისი უცვლელი გამომცემელი და მთ. რედაქტორი (ისრაელში) 45 წლის განმავლობაში.

აშდოდისა და ბათ-იამის მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრი და მერის მოადგილე

ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახ. საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე

საქართველოდან გამოსულ ებრაელთა მსოფლიო ფედერაციის თავმჯდომარე

ისრაელის ქართველ ებრაელ მწერალთა გაერთიანების თავმჯდომარე

პოლიტიკური მოძრაობის "ალია და ახალგაზრდები" დამაარსებელი ისრაელში და თავმჯდომარე

ათეული წლების განმავლობაში იღწვოდა საბჭოთა კავშირიდან ამოსულ ათასობით ოლეთა კეთილი აბსორბციისათვის ისრაელში

იყო ასობით კულტურული ღონისძიების ინიციატორი, დამგეგმავი და განმახორციელებელი აბსორბციის ყველაზე მძიმე წლებში 

დაწერა, დაბეჭდა, გამოაქვეყნა და გამოსცა 2 ათეულზე მეტი წიგნი.

დაჯილდოებულია ისრაელის სახელმწიფოს აღდგენიდან 50 წლის საიუბილეო ოქროს წიგნში შეყვანით და საქართველოს სახელმწიფო საპატიო სიგელით.

მისი ღირსების საპატივცემოდ ისრაელში ქართულ ენაზე დაიწერა და გამოიცა 600 გვერდიანი წიგნი "ცხოვრება კაცისა".

2020 წლის იანვარში საქართველოს მწერალთა კავშირის ოქროს ფონდის გადაწყვეტილებით აბრაამ საპირს მიენიჭა "კულტურის ამაგდარის" წოდება.

2020 წელი. როგორც მთ. რედაქტორი აბრაამ საპირი სათავეში უდგება ტიტანური შრომის "ქართველ ებრაელთა ენციკლოპედიის" ვებ. გვერდის (gjenciclopedi.com) შექმნას ოთხ (ქართულ-რუსულ-ივრითულ-ინგლისურ) ენებზე და მის გავრცელებას საზოგადოებრივ ქსელებში.  ვებ. გვერდი უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს.


ბიოგრაფია

      დაიბადა 1942 წელს სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში. ნინოშვილის სახელობის ოთხწლიანი სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სტურუას სახ. საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაასრულა 1959 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური  ინსტიტუტის ქიმიურ ფაკულტეტზე. 

     ინსტიტუტში სწავლის მეორე წელს (1961) მოითხოვა ისრაელში წამოსვლა, რის გამოც რეპრესირებულ იქნა ბათუმის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) მიერ.

     1962-1965 წლებში იხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს საბჭოთა არმიაში და დავაჟკაცებული უბრუნდება მშობლიურ სახლს. სამხედრო სამსახურის პერიოდში არაერთხელ იკავებს საპრიზო ადგილებს სპორტულ ასპარეზზე (კრივი, პირველი ქვესაშუალო წონა 63.5 კგ). აქვე ავლენს განსაკუთრებულ ნიჭს ელექტრონიკის სფეროში და იღებს უმაღლეს თანრიგს.  

     1971 წელს ამთავრებს სწავლას ინსტიტუტში და წარმატებით იცავს ინჟინრის დიპლომს. მას ანიჭებენ ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციას. 

    1972 წლის 10 მაისს ამოდის ისრაელში. ივრითის მოკლე კურსის გავლის შემდეგ ებმევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აშდოდში აყალიბებს ისრაელში პირველ საქართველოდან ამოსულ ოლეთა კომიტეტს, რომლის მეშვეობითაც ეხმარება საქართველოდან ამოსულ ასობით ოლეს ისრაელში იოლ აბსორბციაში.

    1973 წელს სათავეში უდგება აშდოდის პორტის ქართველ ებრაელ მუშების შიმშილობით გაფიცვას, რომლის ექომაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მიაღწია, საბჭოთა კავშირამდე და საქართველომდეც კი ჩააღწია. გაფიცვა ქარველ ებრაელთა სრული გამარჯვებით დამთავრდა და გოლდა მეირის მთავრობამ მიიღო გაფიცულთა ყველა მოთხოვნა. ამ გაფიცვის შემდეგ აბრამ სეფიაშვილი ისრაელში საქართველოდან ამოსულ ებრაელთა ავტორიტეტულ პიროვნებად იქცა. (გაზეთი "ჰაარეცი" (20.7.73) იაირ კოტლერის სტატია - "ბელადი აბრაამ სეფიაშვილი")

     იმავე წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, მოულოდნელად იწყება ქიფურის ომი. აბრამ სეფიაშვილი აქაც ავლენს წინამძღოლის უნარს და ისრაელში 18 ახლად ამოსულ ქართველ ებრაელთან ერთად მოხალისედ მიდის ომში - პირველივე დღიდანვე. 

     ომიდან დაბრუნებულს აშდოდის მოსახლეობა ერთსულოვნად ირჩევს საქალაქო მუნიციპალიტეტის დეპუტატად. ეს ისრაელის ისტორიაში, მუნიციპალიტეტში ქართველი ებრაელის არჩევის პირველი შემთხვევაა, რაზეც წერს გაზეთი "ჰაარეცი" (3.6.75). თავისი არჩევით იგი კიდევ ერთ რეკორდს ამყარებს, ის ისრაელის ისტორიაში პირველი ოლეა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ვინც ისრაელში ამოსვლიდან სულ რაღაც წლინახევრის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურაში აირჩიეს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე.  

     აშდოდის მუნიციპალიტეტში მოღვაწეობის დროს აქტიურად ეხმარება საქართველოდან ამოსულ ოლეებს, აბსორბციის მძიმე გზაზე. მისი ინიციატივით ეწოდა აშდოდის ქუჩებს მ. მიხაკაშვილის და ი. ელიაშვილის სახელები, ხოლო ეზორ ვავის პარკს ბააზოვების სახელი. აშენდა ეზორ ვავის ქართველ ებრაელთა ცენტრალური სალოცავი.

     ტრიალებს რა საქართველოდან ისრაელში ამოსული ებრაელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აბრამ სეფიაშვილი აარსებს ქართულ ენოვან გაზეთს "ალია საქართველოდან", რომელიც თითქმის 45 წელი ემსახურა ოლეთა ისრაელში აბსორბციის კეთილშობილ საქმეს. (ამ გაზეთის  3655 ნომერი გამოვიდა და ბოლომდე მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო).    

    1975 წელს ირჩევენ საბჭოთა კავშირიდან ამოსულ ოლეთა სრულიად ისრაელის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ და მისი ქართული სექციის პირველ თავმჯდომარედ.    

    1976 წელს მისი ინიციატივით ყალიბდება "ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოება", რომელმაც მისი ხელმძღვანელობით მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა. ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში ჩატარდა ასობით კონცერტი, ათასზე მეტი ექსკურსია ქართველი ებრაელებისათვის და საქართველოდან ჩამოსული ასობით ტურისტისათვის. რომლებიც გაჟღენთილი იყო ებრაელთა სამშობლო ისრაელისადმი ღრმა სიყვარულით და არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მისი გავლენით ისრაელში ამოვიდა ათასობით ოლე. რუსთაველის საზოგადოებამ კულმინაციურ წერტილამდე აიყვანა საქართველოს ებრაელებისა და ქართველი ხალხის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. ამ ორგანიზაციის ეგიდით ისრაელში ჩამოყალიბდა არაერთი, ქართული თეატრალური ჯგუფი, ვოკალურ-ინსტრუმენტული და ქორეოგრაფიული ანსამბლი. გადაღებულ იქნა პირველი ქართულ-ებრაული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

      1978 წელს აბრაამ სეფიაშვილი აყალიბებს "საქართველოდან ამოსულთა მსოფლიო ფედერაცია"-ს, რომელშიც გაერთიანდა საქართელოდან გამოსულები ისრაელიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამიერიდან საქართველოდან გამოსულ ებრაელობას გაუჩნდა წარმომადგენელი მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროდ სათანადო ფინანსების უქონლობის გამო ამ ორგანიზაციამ ბევრი, დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება ვერ შესძლო.

     1983 წელს აყალიბებს პოლიტიკურ ორგანიზაციას "ალია და ახალგაზრდები", რომელშიც აერთიანებს საბჭოთა კავშირიდან ამოსულ ოლეებს. ამ ორგანიზაციის ეგიდით ის კენჭს იყრის 1984 წლის ქნესეთის არჩევნებში. ორგანიზაციის სახელით შედგენილ ქნესეთის წევრობის კანდიდატთა სიაში პირველ ადგილზეა აბრაამ საპირი (სეფიაშვილი), ხოლო მეორე ადგილზე რუსულენოვანი ჟურნალის "კრუგი"-ს მთ. რედაქტორი გეორგ მორდელი.

    1985 წელს მისი ხელმძღვანელობით ყალიბდება დასავლეთ საქართველოში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდი, რომელიც თვეების განმავლობაში აგროვებს სახსრებს და ათიათასობით დოლარს ურიცხავს დაზარალებულებს. ამ ფონდის ჩარჩოებში მისივე ხელმძღვანელობით იმართება დიდი საშეფო კონცერტი ბათ-იამში , რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ საქართველოდან  ისრაელში ამოსული ხელოვნების ოსტატები.

   1986 წელს ისრაელში ჩამოდის საქართველოში სახელგანთქმული საესტრადო ანსამბლი "ორერა". გაზეთ "ალია"-ს რედაქცია აბრაამ საპირის ხელმძღვანელობით დიდი პატივით იღებს სტუმრებს და უმართავს მათ გახმაურებულ ბანკეტს სასტუმრო "რამადაში". დამსწრეთა აზრით ეს იყო მაღალი დონის, ინტელექტუალური წვეულება, ამ წვეულების ვიდეოფირი წლების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა თბილისში.

   1989 წელს საქართველოდან მთავრობის ოფიციალური მიწვევით თბილისს, ჯერ კიდევ კომუნისტთა მმართველობის პერიოდში, ესტუმრა ისრაელ ჟურნალისტთა დელეგაცია აბრაამ საპირის ხელმძღვანელობით. ამ დელეგაციის ვიზიტი საქართველოს სხვადასვა კუთხეში ლეგენდალური შედეგებით აღინიშნა, თვით საქართველოს ოფიციალური პირების აზრით, ასეთი მაღალი დონის მიღება საქართველოში  არ ღირსებია ზოგიერთი სახელმწიფოს მეთაურს და ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯორჯ შულცსაც კი. ისრაელის დელეგაცია გულმხურვალედ მიიღო ხაშურის (სურამის), ქუთაისის, ონის, ცხაკაიას, ფოთის, ბათუმის, ვანის, სამტრედიის და სხვა რაიონების მოწინავე საზოგადოებამ. 

ფეხზე დამდგარმა და თვალცრემლიანმა მოისმინა აბრაამ საპირის მიერ წარმოთქმული სიტყვა თბილისის ფილარმონიის ხალხით გაჭედილმა დიდმა საკონცერტო დარბაზმა. საქართველოს რუსთაველის სახელობის საზოგადოების მეორე ყრილობის დელეგატები, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამეცნიერო დაწესებულებების, აკადემიის, უნივერსიტეტების, კულტურის მუშაკთა, რაიონებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ხშირად, მქუხარე ტაშით აწყვეტინებდნენ სიტყვას. ყრილობამ ის აირჩია, რუსთაველის საზოგადოების სამდივნოს პირველ, უცხოელ, საპატიო წევრად. ყრილობის სამდივნოში (11 წევრი) ის იჯდა საქართველოს გამოჩენილი პროფესორების, მწერლების, კინო და თეატრალური ხელოვნების მუშაკთა შორის. სამდივნოს წევრი იყო აგრეთვე საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. აბრაამ საპირის მიერ წარმოთქმული სიტყვა პირდაპირ გადაიცემოდა რადიოთი და ტელევიზიით.

   აბრაამ საპირს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან - გივი გუმბარიძესთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან - ნოდარ ჭითანავასთან, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივან -ჯუმბერ პატიაშვილთან, მინისტრებთან, აკადემიებისა და უნივერსიტეტების რექტორებთან. ოპოზიციის ხელმძღვანელებთან (ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, საქალაქო, რაიკომების და საოლქო კომიტეტების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია ეწვია საქართველოს მოწინავე ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს და სხვა.

   საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა თავისი საგანგებო ბრძანებით, მთავრობის უმაღლესი ჯილდოთი - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით  დააჯილდოვა აბრაამ საპირი (სეფიაშვილი) და ცალკე გაზეთი "ალია საქართველოდან", რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო სსრ კავშირის ისტორიაში.

   მთავრობის ეს უმაღლესი ჯილდო თვით პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, კვარაცხელიამ გადასცა მას მთავრობის სახლის სააქტო დარბაზში, პრესის, რადიოს და ტელევიზიის ათობით ჟურნალისტის თვალწინ.

   1993 წელს აბრაამ საპირს ირჩევენ ქალაქ ბათ-იამის მერის მოადგილის პოსტზე. 

   გაზეთის "ნოვოსტი ნედელი"-ს  მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა 1998 წლის ივლისში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ისრაელში ამოსულთა შორის, იმის გასარკვევად: თუ ვის თვლიან რეპატრიანტები თავიანთ ლიდერად, აბრაამ საპირმა 35-ე ადგილი დაიკავა მთელი საბჭოთა კავშირიდან ამოსულთა შორის, ხოლო პირველი ადგილი საქართველოდან ამოსულთა შორის.  

   1998 წელს აბრაამ საპირი შეყვანილ იქნა ორგანიზაცია "კერენ კაიმეთი"-ს ოქროს წიგნში (მას მთელი ფურცელი - ორი გვერდი დაეთმო ამ წიგნში). ის ისრაელში ამოსული პირველი ქართველი ებრაელია, რომელიც შეიყვანეს ამ საპატიო წიგნში (ისრაელის სახელმწიფოს საიუბილეო 50-ე წელს), ებრაელი ერის ყველაზე გამოჩენილ და დამსახურებულ პირთა გვერდით.

   2000 წელს აბრაამ საპირმა გამოსცა თავისი ლიტერატურული ნაწარმოებების კრებულის პირველი წიგნი სახელწოდებით "პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი". ეს პირველი ტომია იმ ნაწერებისა, რომელიც მან წლების მანძილზე გამოაქვეყნა გაზეთ "ალია"-ს ფურცლებზე.

   2001 წლის დასაწყისში "საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის - ნეშამა"-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ისრაელში საქართველოდან ამოსულთა შორის, შეკითხვაზე: - ვინ მიგაჩნიათ ისრაელში ქართველ ებრაელთა შორის ყველაზე ღირსეულ და დამსახურებულ პირად - ლიდერად, აბრაამ საპირი (სეფიაშვილი) დაასახელა გამოკითხულთა 33.47 - %-მა და მას პირველი ადგილი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მან 4-ჯერ და მეტჯერ მეტი ხმა მიიღო საზოგადოებიდან, ვიდრე მეორე ადგილზე გამოსულმა.

   ისრაელში თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აბრაამ საპირმა გამოაქვეყნა ასობით პუბლიცისტური შრომა, სტატია, რეპორტაჟი, გამოხმაურება და სხვა. მის მიერ "რედაქტორის კუთხის" რუბრიკის ჩარჩოებში გამოქვეყნებული ათობით პოლიტიკური მიმოხილვა დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველებში. მსმენელები მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ მიმოხილვებს ისრაელის რადიო "კოლ-ისრაელის" ქართულენოვან გადაცემებში.

ისრაელის ტელევიზიის ცენტრალურმა არხმა სამჯერ გადაიღო ფილმი აბრაამის მოღვაწეობაზე. ნაწყვეტებს ამ ფილმებიდან თითქმის ყოველკვირეულად ათობით წლების განმავლობასი აჩვენებდა ისრაელის საგანმანათლებლო სატელევიზიო არხი. ისრაელის რადიო და ტელევიზია ხშირად აჩვენებდა მოკლე რეპორტაჟებს აბრაამის მონაწილეობით. თანაც არა მარტო ივრითულ არამედ რუსულ და ქართულ ენებზეც.

   რამდენიმე თვის შემდეგ გამოიცა მისი მეორე წიგნი: -"კულაში - ნანახი, განცდილი, გაგონილი", რომელიც ძალზე თბილად მიიღო მკითხველმა. 

   აღნიშნული წიგნის ივრითულენოვანი ვარიანტი ერთი წლის შემდეგ დაიბეჭდა და გავრცელდა. 

ამის შემდეგ აბრაამმა დაწერა და გამოსცა კიდევ რამდენიმე წიგნი, რომელიც ქართველი ემიგრანტებისა და საქართველოს ებრაელთა ცხოვრებას ასახავდა ისრაელში და საზღვარგარეთ.

ქართველ ებრაელთა დიდი ზეიმით აღინიშნა აბრაამ საპირის დაბადებიდან 60 (2002) ხოლო შემდეგ 70 და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წელი 2012 წელს ქალაქ აშდოდში მრავალასიანი პუბლიკის დასწრებით

   აღსანიშნავია, რომ ის თავისუფლად წერს, კითხულობს და საუბრობს ქართულ, რუსულ, ივრითულ და ინგლისურ ენებზე. ამის წყალობით შესძლო მან, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოვლა და შემდგომი მის მიერ დაწერილმა მოგზაურობის შთაბეჭდილებებმა, მოხიბლა ათიათასობით მკითხველი.

აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) მამაზეციერმა დალოცა იმით, რომ მას ჰყავს სათნო, კეთილი  და ბრძენი მეუღლე, რომელიც მედგრად უდგას მას გვერდით 54 წელზე მეტია და რომელმაც აღუზარდა მას ორი სანაქებო ექიმი შვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები და ამერიკის რჩეული უნივერსიტეტების პროფესორები).

აბრაამის სიძეც ექიმი-პროფესორია, რძალი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკის მთავარი ექიმი და ხელმძრვანელი.

ნათქვამია კარგი ხე კარგ ნაყოფს მოისხავსო. აბრაამს 9 შვილივილი ჰყავს. ერთი იურისტია, იურიდიულ მეცნიერებათა დ-რი, 24 წლის,  ამერიკის ფედერალური პროკურატურის თანამშრომელი, მეორე ფინანსისტი, 4 მომავალი ექიმი და 3 ამერიკის ებრაული სკოლების წარჩინებული მოსწავლე და პრიზიორი.

2017 წლის აგვისტოში აბრაამ საპირმა ოჯახის თითქმის სრული შემადგენლობით იმოგზაურა საქართველოში და თავის "ვებ-საითში" abraamsapir.com გამოაქვეყნა წიგნი სათაურით "საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27 წლის შემდეგ". რომელიც მოგზაურობის შედეგად მის მიერ მიღებულ შთაბეჭდილებებსა და დასკვნებზე მოუთხრობს მკითხველს. წიგნი უკვე წაიკითხა და მოიწონა ათას-ხუთას-ზე მეტმა მკითხველმა.

2018 წელს აბრაამის სცენარის მიხედვით დამზადებულ იქნა დოკუმენტური ფილმები "ისრაელი-70" (რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აღდგენიდან 70 წლისთავს მიეძღვნა) და "ებრაელი პირატები".

როგორც საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება, ინფორმაცია აბრაამ საპირის პიროვნებისა და შემოქმედების შესახებ შე ტანილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ "ბიოგრაფიულ ლექსიკონში". ამ ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოძებნეთ "გუუგლ"-ში - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა  -  არსებული - ბიოგრაფიული ლექსიკონი - აბრაამ სეფიაშვილი.

ასეთივე ინფორმაცია გამოქვეყნებულია აგრეთვე ინტერნეტის ვებ.გვერდში, მისამართზე: events.mematiane.ge/product-details.php?id=2141 

ის კვლავ განაგრძობს მოღვაწეობას და აქტიურ გამოხმაურებებს აკეთებს საზოგადოებრივ ქსელებში და "ფეის-ბუკ"-ში.

2020 წლის იანვარში საქართველოს მწერალთა კავშირის ოქროს ფონდის გადაწყვეტილებით აბრაამ საპირს მიენიჭა "კულტურის ამაგდარის" წოდება.

2020 წელი. როგორც მთ. რედაქტორი აბრაამ საპირი სათავეში უდგება ტიტანური შრომის "ქართველ ებრაელთა ენციკლოპედიის" ვებ. გვერდის (gjenciclopedi.com) შექმნას ოთხ (ქართულ-რუსულ-ივრითულ-ინგლისურ) ენებზე და მის გავრცელებას საზოგადოებრივ ქსელებში.  ვებ. გვერდი უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს.



download_as_pdf

ფილმი აბრაამ საპირის შესახებ

კონტაქტი

მისამართი
ნიუ იორკი, ლონგ აილენდი
ელ.ფოსტა
abraamsapir@gmail.com

მიპოვეთ სოციალურ ქსელში

დამიტოვეთ შეტყობინება